არქიტექტურა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობა: თანასწორობა და ინკლუზია
დღევანდელ, სწრაფად მზარდ ქალაქებში არქიტექტურა ხშირად ასოცირდება მხოლოდ ესთეტიკურ ან ფუნქციურ გადაწყვეტასთან. თუმცა თითოეული ნაგებობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფორმა, ფერი ან მასალა, ის ერთგვარი სოციალური ხელშეკრულებაა საზოგადოებასთან, რომელშიც ვცხოვრობთ, რომლისთვისაც ვქმნით.
კონცეფცია, რომ შენობები შექმნილი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა აქტუალობას არასდროს კარგავს. როდესაც ისეთ სივრცეებსა თუ შენობებს ვქმნით, რომელიც ყველა ტიპის ადამიანს უმასპინძლებს, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი საზოგადოების ყველა წევრზე.
ხელმისაწვდომი და ინკლუზიური საზოგადოებრივი სივრცეები ურბანული პოლიტიკისა და დაგეგმვის ძირითადი კომპონენტებია. მათი შექმნის აუცილებლობა მიზნად ისახავს უსაფრთხო, მდგრადი და მოქნილი ქალაქების ჩამოყალიბებას. ხელმისაწვდომობის გათვალისწინება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და ხანდაზმულებისთვის.
ინკლუზიური არქიტექტურა პასუხისმგებელია სივრცეებისა და შენობების ისე დაპროექტებაზე, რომელთა ფუნქციონალურობა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, დამატებითი ძალისხმევის ან უსაფრთხოების რისკების გარეშე. მისი მიზანია ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს სივრცეში/შენობაში შესვლა და მისი სრულად, უსაფრთხოდ გამოყენება, ფიზიკური თუ სენსორული შესაძლებლობების მიუხედავად.

MA architect-ში ინკლუზიური დიზაინი ეფუძნება ოთხ მთავარ პრინციპს, რაც უზრუნველყოფს, პროექტების ჰუმანურობასა და შესაბამის აღსრულებას:
თანაბარი გამოყენება - დიზაინი, რომელიც შეესაბამება ყველა ადამიანის მოთხოვნებს და არ საჭიროებს სეგრეგირებულ შესასვლელებს (ფართო ლიფტი, ავტომატური კარი).
შესამჩნევი ინფორმაცია - სივრცის დიზაინი ეფექტურად გადასცემს საჭირო ინფორმაციას მომხმარებელს, მიუხედავად გარემო პირობებისა ან მომხმარებლის სენსორული შესაძლებლობებისა. (ხმოვანი სიგნალები, განათება, ტაქტილური იატაკი).
მარტივი და ინტუიციური გამოყენება - ნავიგაცია მარტივი და გასაგებია, მიუხედავად მომხმარებლის გამოცდილების, ცოდნის, სასაუბრო ენის ან კონცენტრაციის დონისა (მკაფიო ნიშნები, სიმბოლოები ნავიგაციისთვის)
გარემოზე ზრუნვა - ინკლუზია გარემოსაც მოიცავს. ჩვენი იდეები და გადაწყვეტილებები ემსახურება არა მხოლოდ ადამიანურ, არამედ ეკოლოგიურ კეთილდღეობას, რადგან ჯანსაღი გარემო ყველასთვის აუცილებელია.
ინკლუზიური საზოგადოებრივი სივრცეები თანამედროვე ცხოვრების აუცილებელი პირობაა. სოციალური სარგებლის კუთხით ინკლუზიური პარკები, სკვერები და ქუჩები ხელს უწყობს მოქალაქეების მონაწილეობას, ამცირებს იზოლაციას და აძლიერებს სოციალურ კავშირებს. ეკონომიკური სარგებლის კუთხით, ხელმისაწვდომი სივრცეები უფრო მეტ ადამიანს იზიდავს, რაც ასტიმულირებს ადგილობრივ ეკონომიკას. პროექტირების ეტაპზე, სწორი დაგეგმარება კი ამცირებს მოგვიანებით საჭირო ძვირადღირებულ შეცდომებს.
MA Architects- ის მიზანი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სამართლიანი სივრცეების შექმნაა, რომლებიც ეფუძნება თანასწორობისა და ჰუმანურობის პრინციპებს. ინკლუზიური დიზაინი არ არის "სპეციალური მოთხოვნა". ეს არის ფილოსოფია, რომელიც არქიტექტორებს მოუწოდებს, შექმნან სივრცეები, რომლებიც პატივს სცემენ ყველა ადამიანის საჭიროებებს, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.


