2009 წელს ქუთაისში დიდების მემორიალის ნგრევა არა მხოლოდ ქვის ჩამოშლა იყო, არამედ მომენტი, როცა წარსული და აწმყო ერთმანეთს დაეჯახა - ხმამაღლა, მტკივნეულად. ახლა დროა, ამ სივრცემ ახალი ენა ისწავლოს.
ქუთაისის დიდების მემორიალი 1981 წელს გაიხსნა და წარმოადგენდა მონუმენტურ კომპლექსს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. თუმცა, როგორც თანამედროვეები იხსენებენ, ეს მხოლოდ საბაბი იყო და ავტორის, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ჩანაფიქრი ღია ტაძარი იყო. მონუმენტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი მემორიალი იყო საქართველოში.
ის რამდენიმე მიზეზით იყო გამორჩეული:
სიმბოლური დატვირთვა – მისი არქიტექტურული ფორმა და სკულპტურული კომპოზიციები გადმოსცემდა ომში დაღუპულთა გმირობას, მსხვერპლსა და გამარჯვების სულისკვეთებას.
ურბანული მნიშვნელობა – მემორიალი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა და მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სივრცეს ქმნიდა.
ისტორიული კავშირი – ის იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა, რომელიც საბჭოთა პერიოდის მეხსიერებას ინახავდა.

მერაბ ბერძენიშვილი- „არც კი იციან, რას ამსხვრევენ. არც ის იციან, ამ ძეგლ-მემორიალს რა მხატვრული ღირებულება გააჩნია და რა რეზონანსი ჰქონდა. არც იციან, რომ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონეს...“
რას ვაკეთებთ, როცა ისტორიის მტვერს ვწმენდთ?! ვივიწყებთ თუ ვიხსნებთ?! დიდების მემორიალის აღდგენა ქუთაისისთვის, თანაც ისეთი კონცეფციით, რომელიც სიჩუმით და სივრცით ეხმიანება წარსულს, შეიძლება გახდეს პოეტური ხიდი მეხსიერებასა და მომავალს შორის - აუღელვებლად, მაგრამ შინაარსობრივად. ვფიქრობთ, დროა, მეხსიერება აღარ იყოს უძრავი ქვა - არამედ ცოცხალი ადგილი.
ქუთაისში დიდების მემორიალის დანგრევა 2009 წელს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. მემორიალის დემონტაჟი იყო რთული და მრავალმხრივი საკითხი, რომელიც შეეხებოდა როგორც ისტორიულ მემკვიდრეობას, ისე ქვეყნის მომავალ განვითარებას. ამ გადაწყვეტილების გონივრულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ წარსულის სიმბოლოებს და როგორ ვხედავთ ქვეყნის მომავალს. ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, რაც დამოკიდებულია როგორც ისტორიულ კონტექსტზე, ასევე იმ დროის პოლიტიკურ გარემოზე.
ზემოხსენებულ ქმედებებს კრიტიკა და საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა, კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვა - მრავალი მოქალაქე და ისტორიკოსი მიიჩნევდა, რომ მემორიალი მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე იყო და მისი დანგრევა ქვეყნის ისტორიისადმი უპატივცემულობას წარმოადგენდა; ტრაგიკული შემთხვევა - დანგრევის პროცესში მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ამ ტრაგედიამ კიდევ უფრო გაამწვავა საზოგადოებრივი უკმაყოფილება.

თანამედროვე ქალაქების განვითარების ტენდენციები აჩვენებს, რომ ისტორიული ძეგლების აღდგენა ხელს უწყობს ურბანული გარემოს გაახლებასა და განვითარებას.
ახალი კულტურული ცენტრი არ გახდება დომინანტი, მასიური ნაგებობა, მთელი ფუნქციური დაკავებულობებით, არამედ ერთგვარი პერდესტალია განახლებული მონუმენტისთვის, რომელიც მეტად წაკითხვადსა და სწორად აღსაქმელს გახდის სიცოცხლის გაგრძელების, განახლების სიმბოლოს, დიდების მემორიალის სილუეტით. ამ სტრატეგიის თანახმად, მულტიფუნქციური კულტურული სივრცე გაჩნდება გარდამავალ ზონაში, გრუნტის ზედაპირზე შექმნილ ხელოვნურ ბორცვში, რომელიც აგრძელებს გრუნტზე მოწყობილ რეკრეაციას და ავითარებს სპონტანურ, ოფსეტურ გეომეტრიას. აღნიშნული ერთი შენობის დაპროექტებისგნ განსხვავებით ქმნის ხელმისაწვდომ გარე ზონას, აგრძელებს ლანდშაფტის ხასიათს, როგორც სივრცითი სტრუქტურის განმსაზღვრელ ელემენტს, რაც გასული ათწლეულის განმავლობაში ხელოვნურად შეიქმნა, მიმდებარე მსხვილი ადმინისტრაციული შენობების გეგმარებით.
განახლებული მემორიალი არ არის ძეგლი, ეს არის დიალოგი წარსულთან. მიწისქვეშა კულტურათა შერიგება, მიწისზედა სიმაღლის რწმენით.
ყველა სოციალური სივრცე მოწყობილია ცენტრალური ატრიუმის ირგვლივ, სითხის ცირკულაციის რგოლით, რომელიც აკავშირებს თითოეულ შიდა ზონას. ეს ცენტრალური ეზო უზრუნველყოფს სივრცის დიდსულოვნებას და შენობის შიგნით ორიენტაციის საშუალებას, და გარდა ამისა, არის მრავალმხრივი სივრცე, რომელიც კარგად არის შესაფერისი ხელოვნების, არქეოლოგიის, ინსტალაციებისა და ღონისძიებებისთვის. რგოლის ირგვლივ პროგრამის განხორციელების სტრატეგია საგრძნობლად ამცირებს მიმოქცევისთვის გამოყოფილი ფართობის რაოდენობას, აახლოებს ყველა ფუნქციას ერთმანეთთან და ავითარებს კომპაქტურ შენობას. ეს ასევე ქმნის პოტენციალს ხშირი არაფორმალური თუ ფორმალური და შემთხვევითი შეხვედრებისთვის.

მემორიალის განახლებით შექმნილი უწყვეტობა სამ მეტაფორას ეყრდნობა:
ტბა - მიწისქვეშა მულტიფუნქციური სივრცე - „მეხსიერების სარკე“
ბორცვი - გადახურვაზე მოწყობილი რეკრეაციული ზონა - „მიწის წარსულის ტრანზიციის სიმბოლო“
ზარები - განახლებული მემორიალის კონსტრუქცია - „დუმილის ხმა“
ტბა - “შენ წარმოიდგინე, რომ მიწისქვეშ შედიხარ. გარშემო სხვათა ისტორიებია - ენობრივი აქცენტები, მუსიკა, ბავშვობის ემოცია. შემდეგ ამოდიხარ ზემოთ და ხედავ ქუთაისს. ხედავ, რომ ყველაფერი წარსულიცაა და მომავალიც.”


ეს მიწისქვეშა სივრცე არ მალავს პირიქით, ხსნის. აქ გადადიხარ ერთი ენიდან მეორეზე, ერთი ხედვიდან მეორეზე გალერეებით, ისტორიებით, კულტურებით, რომლებიც ერთმანეთს არ უპირისპირდებიან არამედ უსმენენ. სივრცის შუაგულში არსებული ტბა ირეკლავს ჭრილს ცისკენ, რომელშიც აღმართულია მემორიალის სილუეტი. შენ დგახარ მიწის ქვეშ და მაღლა ზეცა ჩანს ცისფერი, ღრუბლიანი ან მზიანი, მაგრამ ყოველთვის თავისუფალი. ღიობი გვახსენებს, რომ ჩვენი წარსული შეიძლება ღია იყოს. მეხსიერება არ უნდა იყოს დახურული. სივრცე არაერთი მიმართულებით ავითარებს ხედვას, მიგრაცია, კულტურათა თანაცხოვრება, სიჩუმე და გახსნილობა; ისტორიული კონფლიქტების ფონზე დიალოგის სივრცე; გალერეები და ექსპოზიციები - მოძრავი თემატური გამოფენებისთვის; „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ - სივრცე, სადაც ვიზიტორები „გადაინაცვლებენ სხვის ისტორიაში“ – შეიძლება იყოს აუდიო-ინსტალაციები, დოკუმენტური ჩანაწერები; ფილოსოფიური დარბაზი - ღია ლექციებისთვის, დისკუსიებისთვის; ინტერაქტიული არქივები - მონუმენტის, ტრაგედიისა და მულტიკულტურული პროცესების ციფრული ანალიტიკა. ტბა ამ სივრცის ცენტრშია, ის სარკეა, რომელსაც ცაც და მიწაც ერთდროულად ეხება. მასში ამოდის სილუეტი - მსუბუქი, ცოცხალი, ნაცნობი.

ბორცვი “შენ დგახარ მეხსიერების წერტილში. იქ, სადაც ოდესღაც ქვა ამაყად იდგა და ახლა მხოლოდ სიჩუმეა, რაღაც გეუბნება - დროა სხვანაირად ვილაპარაკოთ.”
მრავალფუქციური სივრციდან ინფორმაციით დატვირთული გამოდიხარ დასვენების, მედიტაციისა და რეფლექსიების ზონაში, მაგრამ ეს გადახურვაზე მოწყობილი პარკია. შეგიძლია მყარად დადგე ზედაპირზე და თქვა - ეს ბორცვია, მინდორია, მწვანეა, ჩვეულებრივია. მაგრამ, იაზრებ, ვიდრე მემორიალის გადმოსახედზე ახვიდოდი, უკვე იყავი მის ქვეშ - იცი, რომ ბორცვის ქვემოთ ხმები ცოცხლობენ.

ეს ბორცვი დაფარულია სიცოცხლის ნიშანით. მუდმივი გამწვანება, სეზონურობით სუნთქვა, არც მასიური ბეტონი ჩანს, არც მძიმე ისტორია, მაგრამ ყველაფერი აქაა. მიწის ქვეშ - მულტიკულტურული გულით, ზემოდან კი სიმშვიდის სხეულით. ის უბრალოდ არსებობს, როგორც მიწისგან ნაზად ამოზრდილი პერდესტალი - ადამიანის ხსოვნაზე აყუდებული. ზედაპირი შეიძლება იყოს მარტივი მინდვრისმაგვარი სივრცე, რბილი ბილიკებით და ბუნებრივი მასალით, რათა არ მიიპყროს ყურადღება, არამედ გააფართოვოს მასშტაბი. არქიტექტურული ინტეგრაცია ბორცვის რელიეფთან ქმნის „ხელშეუხებელი მიწის“ ილუზიას, თუმცა შიგნით ცოცხლობს კულტურა.

„ზარები “ “შენ მიწისქვეშა სივრციდან გამჭვირვალე ლიფტით აუყვები 47 მეტრიან კონსტრუქციას, რომელიც ცოცხალია, გამჭვირვალეა და შლის ხედს ქალაქზე, გიყვება ისტორიას სიმბოლური შვიდი ზარით.”
ბორცვის შუაგულში დგას მემორიალი, არა როგორც ძეგლი, არამედ როგორც გზა ტბიდან აღმართული. მისი სხეული ნაწილობრივ გამჭვირვალეა, არ ფარავს ხედს, არ დომინირებს სივრცეზე. ის სხეულივით ცოცხალია, ნაზი ხერხემალივით აწყობილი. მისი ტანი მწვანეა, ცოცხალია, ლიფტით ადიხარ და თანდათან გრძნობ, როგორ ტოვებ ხმაურიან ამბებს და დამასრულებელ თაღში გადიხარ - გადმოსახედში, საიდანაც ხედავ ქალაქს და ხედავ შენს თავსაც, სიმბოლური შვიდი ზარი გახსენებს თავს - თითოეულს განსხვავებული ხმა აქვს, ისინი განსხვავებული ისტორიებიდან მოდიან და ერთად ქმნიან ერთიან, მშვიდ ჰარმონიას. და შენ, როგორც სტუმარი, როგორც მოგზაური ან როგორც ადგილობრივი, გრძნობ, რომ შენც ამ ადგილის ნაწილი ხარ, წარსულისგან გაცოცხლებული და მომავლისკენ მიმართული ხმებით, რომლებიც ძველი მემრიალის სპირალურ კიბეზე ასვლას გახსენებს და მელოდიებით, რომელთა ჟღერაც დალექილია იმ თაობაში, რომელიც ადგილობრივი მუსიკოსების მიერ მემორიალის მიმდებარედ შექმნილი ნამუშევრების მოსმენით იღებდა სიამოვნებას.
არასდროს არის გვიან, სივრცეს ახალი მნიშვნელობა მიეცეს. ის, რაც ერთხელ წაიშალა, შეიძლება სხვაგვარად გაცოცხლდეს. არა ძველის დაბრუნებით, არამედ ახალი ენერგიით. ეს ადგილი, ქუთაისის შუაგულში, შეიძლებოდა დარჩენილიყო ჩუმად, ან კიდევ დეველოპერული მიზნებისთვის გამოყენებულიყო, რომლის კვალიც კარგად დაეტყო ქალაქის არაერთ ნაწილს, სიჩუმესაც აქვს ენები და როცა მას მოუსმენ, ხვდები:
ჩვენს წარსულს არ სჭირდება დავიწყება ან მხოლოდ დგომა. მას სჭირდება ადგილი, სადაც იგი იცვლება. სადაც მეხსიერება აღარ არის წარსულზე ჩაჭიდებული წერტილი, არამედ გადასასვლელი ხიდია იმ ადამიანებს შორის, ვინც იყვნენ, ვინც ვართ და ვინც ვიქნებით.

მემორიალის არქიტექტურა სოუ ფუჯიმოტოს სტილის ვიზუალურ სიმსუბუქესა და ღრმა სივრცობრივ მნიშვნელობას აერთიანებს. ასეთი მემორიალის ფილოსოფიური აღწერა გამოხატავს სიჩუმით გამოთქმულ ისტორიას, ფესვგადგმულ მეხსიერებას, შუქისა და სივრცის არამატერიალურობას - ანუ, ზუსტად, იმ მეტაფიზიკურ მიდგომას, რასაც მას კონცეფცია ასე თანაბრად იყენებს ფილოსოფიაში. მემორიალი, რომელიც არ გვიმეორებს წარსულს ხმამაღლა - არამედ გვაყურადებს, როგორ ვსუნთქავთ მასში დღევანდელ დღეს. მისი სტრუქტურა მსუბუქი ფარდისავით გამჭვირვალეა, თითქოს არ არის დასრულებული, როგორც არც ჩვენი დამოკიდებულება დასრულებულა წარსულთან. ის არ დგას, როგორც ძეგლი, არამედ ნაწილდება სივრცეში, როგორც სიცარიელით შექმნილი სიმძიმე - „მა“.

„არ ვცდილობ ძეგლის დაბრუნებას. არც მისი წაშლის გამართლებას. მე მჯერა, რომ სივრცეები ცხოვრობენ და როცა მათ წარსულს ვშლით, მათთან ერთად რაღაც ჩვენშიც იკარგება“
მიდგომა არქიტექტურაზე არ შემოიფარგლება მხოლოდ ფუნქციით - ეს არის მცდელობა საზღვრის წაშლისა ადამიანსა და ბუნებას შორის, ხელოვნურსა და ბუნებრივს შორის. მისი ფილოსოფიის ძირითადი მიმართულება, რომელიც ცის ჭრილშიც განსაკუთრებულად ჩანს არქიტექტურა, რომელიც არ უნდა დომინირებდეს ბუნებაზე, არამედ უნდა გახდეს მისი გაგრძელება. მიწისქვეშა და მიწისზედა სივრცეების გამყოფი ბუფერიც სწორედ ეს იდეაა, იგი ბუნებრივ მასალაზე დაყრდნობით, ბუნებრივი გამწვანებით, ცდილობს ინტეგრირდეს გარემოში ისე, თითქოს ზრდის პროცესის შედეგია და არა უბრალოდ აშენებული სტრუქტურა;

საბოლოოდ, ქუთაისის დიდების მემორიალის აღდგენა შეიძლება იქცეს არა მხოლოდ წარსულის პატივისცემის გამოვლინებად, არამედ თანამედროვე კულტურულ-ისტორიული განვითარების მნიშვნელოვან ნაბიჯად, რომელიც აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მემორიალური პარკის მოწყობითა და სკულპტურული ინსტალაციით, გვსურს ისტორიის შენარჩუნება, როგორც ღირებულებისა და იდეის მატარებელი ობიექტისა, რომელიც აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ნაგებობა და მიმდებარე რეკრეაციული სივრცე ჩაფიქრებულია იმისთვის, რომ სრულიად უცნობმა პირებმა გაიარონ, იმოქმედონ, დაისვენონ და ითანამშრომლონ ერთმანეთთან სტრუქტურის ცენტრის გავლისას.

„ამ სივრცეს, დიდების მემორიალის ადგილს, ახალი ხმა შეიძლება ჰქონდეს. არა როგორც პროპაგანდის გამოძახილს, არამედ როგორც ტრაგედიის ტრანსფორმაციისა და მრავალხმიანობის ადგილს.“