News

მშენებლობა მინიმალური კვალით

Aug 21, 2025

News

მშენებლობა მინიმალური კვალით

Aug 21, 2025

News

მშენებლობა მინიმალური კვალით

Aug 21, 2025

კლიმატის ცვლილება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა და სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი ვიაზრებდეთ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენს საქმიანობას უკავშირდება. გამონაკლისი ამ თვალსაზრისით არც არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროებია.

ქალაქები თვალსა და ხელს შუა იზრდება და ფართოვდება, ასევე ჩნდება მოთხოვნა ახალ მშენებლობებზე, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს მძიმე ეკოლოგიური შედეგები. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სექტორია - გლობალური ნახშირორჟანგის გამოყოფის დაახლოებით 40% სწორედ ამ სფეროზე მოდის. ეს მეტია, ვიდრე ტრანსპორტის ყველა სახის ჯამური წვლილი. მხოლოდ ბეტონის წარმოება პასუხისმგებელია გლობალური CO₂-ის ემისიის დაახლოებით 8%-ზე (IEA, 2023). მონაცემები ცხადყოფს, რომ არქიტექტორებსა და მშენებლებს ეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. ნათელია, რომ მდგრადი მშენებლობის დანერგვა აღარ არის ალტერნატიული გზა — ეს აუცილებლობაა. სწორედ აქ ჩნდება კითხვა – როგორ ავაშენოთ ისე, რომ გარემოს ზიანი მინიმუმამდე შევამციროთ?

„ენერგოეფექტურობა“, „ნახშირბად-ნეიტრალური“ და „ნულოვანი ემისია“ - ეს ის მოდური სიტყვებია, რომლებიც სულ უფრო ხშირად გვესმის, მაგრამ საკმარისად ვფიქრობთ მათზე მშენებლობაში?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიება გვკარნახობს Ma- architects-ში ახალ მიდგომებს: შენობების დაგეგმვა ნულოვანი ემისიის პრინციპებზე, მდგრადი მასალების გამოყენება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იდეალური სცენარი – ის ერთადერთი გზაა უკეთესი მომავლისკენ.

თითოეულ ჩვენგანს სურს ისარგებლოს ქალაქისათვის დამახასიათებელი ყველა უპირატესობით და ამავდროულად, იცხოვროს სუფთა, ეკოლოგიურ გარემოში - გამონაბოლქვისა და ხმაურის გარეშე. ჩვენ ვოცნებობთ ქალაქზე, რომელიც სუნთქავს, სადაც თითოეული შენობა ბუნების ნაწილია, ხოლო სახურავებზე განთავსებული მზის პანელები არამხოლოდ შენობას, არამედ მთელ უბანს ამარაგებს სუფთა ენერგიით. ეს არ არის მხოლოდ ოცნება — ეს არის ნულოვანი ემისიის არქიტექტურა, რომელიც უკვე რეალობად იქცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.






რას ნიშნავს „მშენებლობა მინიმალური კვალით“?

მინიმალური ეკოლოგიური კვალის მქონე მშენებლობა გულისხმობს გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებას სამშენებლო პროცესის თითოეულ ეტაპზე — დაწყებული მიწის შერჩევით, დასრულებული მასალების არჩევითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ინტეგრირებით.

ეს მიდგომა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:

➢ ნულოვანი ემისია – მშენებლობისას უნდა მივაღწიოთ იმას, რომ CO₂-ის და სხვა მავნე გაზების გამოყოფა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ან კომპენსირებული. ეს შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის და ქარის ენერგიის გამოყენებით, აგრეთვე პასიური დიზაინის საშუალებით, რაც შენობების ბუნებრივ ვენტილაციასა და განათებას უზრუნველყოფს.

➢ სრულად გადამუშავებადი მასალები – ახალი შენობები ხშირად შენდება ისეთივე მასალებით, რომლებიც მომავალში შეიძლება კვლავ იქნას გამოყენებული. მაგალითად, ხე, ბუნებრივი ქვა, ეკოლოგიურად სუფთა ბეტონი და სხვა ინოვაციური კომპოზიტები.

➢ მდგრადი ინფრასტრუქტურა და ცირკულარული დიზაინი – შენობა უნდა იყოს არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, არამედ ადაპტირებადი. ცირკულარული არქიტექტურა ითვალისწინებს იმას, რომ შენობა მომავალში შეიძლება ადვილად გარდაიქმნას ან დემონტაჟის შემთხვევაში მისი ნაწილების კვლავ გამოყენება იყოს შესაძლებელი.

მსოფლიოში არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს, სადაც მშენებლობა მინიმალური კარბონის კვალით უკვე რეალობად იქცა. ამსტერდამის The Edge-ს შესახებ უკვე გიამბეთ ჩვენს ბლოგში ტექნოლოგიური ინოვაციები არქიტექტურაში: მომავლის შენობებისა და ქალაქების შექმნა

კიდევ ერთი გამორჩეული მაგალითია ნორვეგიაში მდებარე „Powerhouse Brattørkaia“ — ოფისის ტიპის შენობა, რომელიც წელიწადში მეტი ენერგიის გამომუშავებას ახერხებს, ვიდრე მოიხმარს. შენობის დახრილი ხუთკუთხა სახურავი და ფასადის ზედა ნაწილი აღჭურვილია მზის პანელებით და გათვლილია 60 წელზე მეტი დროის ენერგოეფექტურ ოპერირებაზე. შეიძლება ითქვას, რომ შენობა წარმოადგენს მცირე ზომის ელექტროსადგურს ქალაქის ცენტში. პროექტის მიზანი იყო შენობის მიერ გამომუშავებული სუფთა ენერგიის მაქსიმიზაცია და ამავდროულად, მის მიერ მოხმარებული ენერგიის მინიმიზაცია. ეს ყველაფერი კი იმ პირობებში, რომ შენობა კომფორტული იყოს როგორც მოიჯარეებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათის. ადგილი მშენებლობისთვის გულდასმით შეირჩა იმ პრინციპით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მზის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენება დღისა და სეზონის განმავლობაში.

შენობა ძალზე ენერგოეფექტურია. დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ყოველდღიური მუშაობისათის საჭირო ენერგიის რადიკალურად შემცირების შესაძლებლობას. გათბობისათვის გამოიყენება ზღვის წყალი, ხოლო გაგრილებისათვისა ვენტილაციისათვის გამოიყენება ჭკვიანი სისტემები. დღის შუქის გამოყენება მთელს ნადებობაში ისეა ოპტიმიზირებული, რომ ხელოვნური განათების მოხმარება მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ მიზნით გამოიყენება „თხევადი შუქის“ კონცეფცია, რომელიც ხელოვნურ განათებას თანდათანობით ზრდის ან ამცირებს შენობაში აქივობისა და მოძრაბიდან გამომდინარე.

როგორ ვაშენოთ ეკომეგობრულად?

მინიმალური ეკოლოგიური კვალის მქონე მშენებლობა სულაც არ ნიშნავს ძვირსა და რთულ პროცესს. მთავარია სწორი დაგეგმვა, გაცნობიერებული არჩევანი და გრძელვადიანი ხედვა. აი რამდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ:

1. დაიწყეთ გეგმით, და არა ფასით – ბიუჯეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში გაიაზრეთ შენობის ფუნქცია, ადგილი და გარემოზე ზემოქმედება. ნულოვანი ემისიის პრინციპით აშენებული სახლი ან ოფისი შეიძლება პირველ ეტაპზე ოდნავ მეტი დაჯდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში გაცილებით ნაკლებ ხარჯს მოითხოვს.

2. არჩიეთ ადგილობრივი და გადამუშავებადი მასალები – საქართველოში საკმაოდ ბევრი ბუნებრივი მასალაა ხელმისაწვდომი: ქვა, ხე, თიხა. თუ მწარმოებელი სერტიფიცირებულია და იცავს გარემოსდაცვით ნორმებს — ეს ორმაგი სარგებელია.

3. მზის ენერგია არ არის ფუფუნება – თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, თუნდაც მცირე შენობაში დავაყენოთ მზის პანელები და ნაწილობრივ მაინც გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები.

4. გაითვალისწინეთ კლიმატი და ბუნებრივი სინათლე – შენობის სწორი ორიენტაცია, ღიობების პოზიციონირება და ჩრდილების დაგეგმარება, მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგომოხმარებას ზაფხულშიც და ზამთარშიც.

5. გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან – არქიტექტორები, ინჟინრები და ენერგოეფექტურობის კონსულტანტები დაგეხმარებათ თქვენი იდეის რეალიზაციაში.

საქართველო — მწვანე არქიტექტურის პოტენციური ლიდერი

საქართველოს კლიმატური პირობები და ადგილობრივი მასალების სიმრავლე ქმნის ნიადაგს მწვანე მშენებლობის განვითარებისთვის. საინტერესოა, რომ ბოლო წლებში რამდენიმე არქიტექტურულმა ბიურომ დაიწყო ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც ენერგოეფექტურობა, ლოკალური მასალების გამოყენება და ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონია მთავარ როლს თამაშობს. ასევე, ცალკეულ განვითარებად საცხოვრებელ კომპლექსებში უკვე გაჩნდა მზის პანელები, წვიმის წყლის შეგროვების სისტემები და თბოგაუმტარი გარე გარსი. უკვე არსებობენ პიონერული პროექტები:

• თბილისის პასიური სახლები — ენერგიის 90%-ით ნაკლები მოხმარება.

• ბათუმის მწვანე ცათამბჯენები — ვერტიკალური ბაღებითა და განახლებადი ენერგიით.

ნულოვანი ემისიის არქიტექტურა ტექნოლოგიურ გადაწყვეტასთან ერთად ახალი იდეოლოგიაა —შევქმნათ სივრცეები, რომელიც ადამიანს და გარემოს თანაბრად აფასებს.

MA Architects-ში გვჯერა, რომ არქიტექტურა მხოლოდ ფორმა და ფუნქცია კი არა — ის პასუხისმგებლობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შენობის სილამაზეა, არამედ მისი ადგილი გარემოში, საზოგადოების ცხოვრებაში და ეკოსისტემაში.

ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით „მეტი არქიტექტურა — ნაკლები ზიანი“. თითოეულ ჩვენს პროექტში ვზრუნავთ ენერგოეფექტურობაზე, გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე, ადგილობრივი მასალების გამოყენებასა და ბუნებისთან ჰარმონიაზე. მდგრადობა ჩვენთვის სამუშაოს განუყოფელი ნაწილი და პასუხისმგებლობაა.

Ma Architect

Ma Architect

17:23:43